Nino Surguladze visited Samtredia

Nino Surguladze visited Samtredia
Spread the love

ნინო სურგულაძე სამტრედიას ესტუმრა

„სიკეთის ბარათებთან“ დაკავშირებით საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ნატვრის ხის“ დამფუძნებლის ნინო სურგულაძის ინიციატივას უკვე რეგიონებიდან გამოეხმაურნენ.

ადგილობრივი საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელის სერგი რუხაძის მიწვევით ნინო სურგულაძე დღეს, 1 იანვარს სამტრედიაში ჩავიდა, მეცოსოპრანომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ახალი წელი და დამდეგი შობა მიულოცა და „სიკეთის ბარათები“ გადასცა.

„ბედნიერი ვარ, რომ ვიმყოფები სამტრედიაში და გავიცანი არაჩვეულებრივი ოჯახები, რომლებიც სიდუხჭირის მიუხედავად, ინარჩუნებენ სიკეთეს, სითბოს, სიყვარულს, ვიყავი სათნოების სახლში და მადლობა ამ ყველაფრისთვის ბატონ სერგი რუხაძეს, რომელმაც მომიწვია“, – განაცხადა სურგულაძემ.

თავის მხრივ, ბიზნესმენმა და საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელმა სერგი რუხაძემ ქართველ მეცოსოპრანოს მადლობა გადაუხადა.

„მადლობა ნინო სურგულაძეს, რომელმაც მიიღო ჩვენი მოწვევა და ჩამობრძანდა სამტრედიაში. ჩვენ ვიყავით რამდენიმე სოციალურად დაუცველ ოჯახში, ასევე სათნოების სახლში, სადაც 22 მოხუცი ცხოვრობს, ქალბატონი ნინო ყველა მათგანს მოეფერა და სიყვარული და სითბო აჩუქა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქალბატონ ნინოს და კარგი იქნება, თუ მას სხვებიც დაუდგებიან მხარში და მსგავსი აქციები სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში გაიმართება“, – განაცხადა რუხაძემ.

„სიკეთის ბარათების“ აქციას უკვე შეურთდნენ ფონდ „ნატვრის ხის“ მეგობარი კომპანიები: „სოკარი“ და „თიბისი ბანკი“, რომლებიც საკუთარი ინიციატივით 100-100 ოჯახს დაეხმარნენ.

ინიციატივას ასევე გამოეხმაურა მრავალშვილიანი ოჯახის მამა გოგა კალანდაძე, რომელმაც ფონდ „ნატვრის ხეს“ „სიკეთის ბარათებისთვის“ 3000 ლარი გადასცა.

სურგულაძე იმედოვნებს, რომ „სიკეთის ბარათების“ აქციაში რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ჩაერთვება.

„სიკეთის ბარათები“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური აგენტების მეშვეობით საქართველოს მასშტაბით 287 მრავალშვილიან ოჯახს გადაეცმა, სადაც 400-ზე მეტი შშმ ბავშვია. 100-ლარიან ბარათებს აღნიშნული ოჯახები ფარმაცევტული კომპანია „ავერსის“ სააფთიაქო ქსელში საქართველოს მასშტაბით საჭიროებისამებრ გამოიყენებენ.

აქცია დაიწყება 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე და 1 აპრილამდე გასტანს.

ნინო სურგულაძის ინიციატივით სოციალურად დაუცველ ოჯახებს „სიკეთის ბარათები“ გადაეცემათ

ქართველი მეცოსოპრანოს ნინო სურგულაძის ინიციატივით სოციალურად დაუცველ ოჯახებს „სიკეთის ბარათები“ გადაეცემათ.

სურგულაძის განცხადებით, „სიკეთის ბარათებს“ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები 7 იანვრიდან სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებს გადასცემენ, რომლებსაც ყველაზე დაბალი – 1000 ქულა აქვთ.

„ნატვრის ხე“ ამ ეტაპზე აღნიშნული აქციით 287 მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარება, სადაც 400-ზე მეტი შშმ ბავშვია.

„ეს არის ახალი ინიციატივა, რომლითაც საერთაშორისო ფონდი „ნატვრის ხე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, ასევე „თიბისი ბანკთან“, „სოკართან“ და „ავერსთან“ ერთად ყველა დაბალ -1000 ან ნაკლებქულიან, მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ერთი ან ერთზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი ჰყავთ, ასლარიანი ბარათით დაეხმარება.

აღნიშნულ ბარათებთან ერთად ოჯახებს სოციალური აგენტები სერთიფიკატებს გადასცემენ, რომელსაც ისინი აფთიაქების ქსელ „ავერსში“ მათი საჭიროებისამებრ გამოიყენებენ.

ეს არის აქცია, რომელშიც მაქვს სურვილი, რომ ჩაერთოს ყველა სამომავლოდ: ვისაც სურვილი და შესაძლებლობა ექნება, შეიძინოს სიკეთის ბარათი და მის გვერდით მყოფ გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმაროს“, – განაცხადა სურგულაძემ.

ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“ 4 წლის წინ შეიქმნა, ამ დროის განმავლობაში ფონდის მიერ 60-ზე მეტი არასრულწლოვანის მკურნალობის ხარჯები დაფინანსდა.

ქართველი ბავშვების დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებებში 4 წლის განმავლობაში მსოფლიოში აღიარებულმა არაერთმა ვარსკვლავმა მიიღო მონაწილეობა.